თვითქოუჩინგი: კარიერის თაიმლაინი
- ეკატერინე შაქარაშვილი
- Oct 1, 2024
- 1 min read
Updated: Oct 3, 2024
ცოტაოდენი თვითრეფლექსიისთვის გავაკეთოთ კარიერის ქოუჩინგის სავარჯიშო.
ეს სავარჯიშო დაგეხმარებათ გაანალიზოთ თქვენი კარიერული განვითარების გზა, წარსული გამოცდილებები, სამომავლო მიზნები და შესაბამისად მიიღოთ გადაწყვეტილება იმ კარიერულ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც ახლა თქვენთვის აქტუალურია.
გაავლეთ წარმოსახვითი ხაზი იატაკზე - ეს თქვენი კარიერული (პროფესიული განვითარების) გზაა, ე.წ. თაიმლაინი. განსაზღვრეთ წარსულის, აწმყოს და მომავლის მონაკვეთები.
დადექით აწყმოს მოვაკვეთში, რა მიღწევებისთვის შეაქებდით საკუთარ თავს? (გაიხსენეთ თუნდაც სულ პატარა მიღწევები). რა ცოდნა და უნარები დაგეხმარათ ამ წარმატების მიღწევაში? რა გასწავლათ ამ გამოცდილებამ?
გაიხედეთ წარსულისკენ, შეარჩიეთ რამდენიმე მთავარი წერტილი ამ ხაზზე - რამდენიმე მთავარი კარიერული მოვლენის შესაბამისად. გაიხსენეთ ის მოვლენები, რამაც გავლენა იქონია თქვენს შემდგომ ცხოვრებაზე, კარიერულ ნაბიჯებზე.
გადაინაცვლეთ წარსულში მონიშნული წერტილებიდან ერთ-ერთში და კვლავ უპასუხეთ შეკითხვებს: რა მიღწევებისთვის შეაქებდით საკუთარ თავს? რა ცოდნა და უნარები დაგეხმარათ ამ წარმატების მიღწევაში? რა გასწავლათ ამ გამოცდილებამ?
დაბრუნდით აწმყოში. წარსულის გაანალიზების შემდეგ, კიდევ რა მიღწევებს აღიქვამთ თქვენი შრომის, ცოდნის, უნარების დამსახურებად? ხედავთ რამდენი რამ გასწავლათ წარსულმა გამოცდილებამ?
გაიხედეთ მომავლისკენ. რა მიზნები გაქვთ? რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ ახლა? სამოქმედო გეგმას ხომ არ შეადგენდით?
Comments